გენერალურ პროკურატურას და ანტიკორუფციულ სააგენტოს ქართული ოცნების დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებენ. საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, რომლის თანახმადაც, ჯაფარიძისა და მისი შვილის კომპანიებს, რომლებმაც 2018 წლიდან დღემდე ჯამურად სახელმწიფო შესყიდვებით 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
ვიქტორ ჯაფარიძე გამჭვირვალობის ანგარიშს სისულელეს უწოდებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბრალდებებით პასუხობს. მისი მტკიცებით, ამ ტენდერის პირობების შესასრულებლად სხვა კომპანია საერთოდ არ არსებობდა. კომპანია „ტობ კონსტრაქშენში“ კი, რომელიც 50-პროცენტიანი წილის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძის შვილია, ამბობენ, რომ ეს კომპანია ბუნებრივი მონოპოლისტია და პროექტისთვის საჭირო სიმძლავრე მხოლოდ მას აქვს.
საერთაშორისო გამჭვირვალობამ დეპუტატ ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაციაც შეისწავლა. მას და მისი ოჯახის წევრებს ქართლი ოცნებისთვის რამდენჯერმე აქვთ თანხა შეწირული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რაც დეკლარაციაში ასახული არ არის. დეპუტატი ამბობს, რომ მის იურისტს ამ ინფორმაციის დეკლარაციაში შეტანა გამორჩა.
ოპოზიცია ქართულ ოცნებას მასობრივ კორუფციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სახელმწიფო ტენდერებში ქართული ოცნების მფარველობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. ქართულ ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების პრიორიტეტია. უმრავლესობა არასამთავრობო სექტორს ბრალდებებით პასუხობს, მედიას და ოპოზიციას კი კვლავ ფეიკ ნიუსების გავრცელებას აბრალებს.
ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულ კითხვებს პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეჭვების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები ყველაფერს გამოიძიებენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა დოკუმენტებს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, პროკურატურასა და საჯარო სამსახურსაც გადაუგზავნის. სწორედ ამ უწყებებს სთხოვს ორგანიზაცია გამოიკვლიონ დეპუტატის პოლიტიკურ საქმიანობასა და მისი კომპანიების ტენდერებს შორის კავშირები.