20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური შერჩევით სამართალზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა მისთვის სწორედ ერთ-ერთ იმ პოლიციელს ესროლა, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
„ვიცით როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორი შერჩევითი სამართალია. ხომ შეიძლება დავუშვათ რომ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებიდან, რომელიმეს ესროლა ჩემთვის და რაღაც უკიდურესობას ვაწყდებით. პოლიციელი, რომელიც მე დამაბრმავა, თავად არის დაზარალებული. ყველაფრის დაშვება შეიძლება, თუ ისინი უშვებენ ყველაფერს, ჩვენც ყველაფერი უნდა დავუშვათ. ძალიან მარტივად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო“, - აცხადებს გომური.
მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე კი აცხადებს, რომ გომურს მოქმედი კანონმდებლობით, დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება.
ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები არც მასზე თვალთვალის ფაქტს ადასტურებენ და გომურ ურჩევენ, შესაბამის უწყებაში იჩივლოს.
„მოვისმინე ეს განცხადება და ძალიან სამწუხაროა. პროკურატურას უნდა მიმართოს და გამოიკვლევენ. ჩვენ გვაბრალებს როგორც ვიცით, მაგრამ გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ“, - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.