ქუჩის საპროტესტო აქციები რეგიონებში ინაცვლებს. ოპოზიციური პარტიები პირველ შეკრებას ქუთაისში გეგმავენ. საპროტესტო აქცია, კვირის ბოლოს, პარასკევს უნდა გაიმართოს. ოპოზიციური სპექტრი, ამ შემთხვევაშიც ერთიანია და რეგიონულ აქციებს ოპოზიციური ერთობის ყველა წარმომადგენელი უერთდება. მოთხოვნა ერთია - „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პიკეტირება, მათ შორის რაპლამენტისაც, ძალაში რჩება. ასევე, ისინი აცხადებენ, რომ შეეცდებიან ხელი შეუშალონ პარლამენტში უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის დამტკიცების პროცესს. 20 კანდიდატის დამტკიცების პროცესი კი უკვე ამ კვირიდან იწყება.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რატომ ებღაუჭება ბიძინა ივანიშვილი შერეულ საარჩევნო სისტემას.
„გავალთ რეგიონებში. ვიწყებთ ქუთაისიდან. პარასკევს ორ საათზე რუსთაველის ქუჩაზე გვექნება მსვლელობა, რომელიც დამთავრდება გუბერნიისა და მერიის შენობის წინ. 80%-ი გამოკითხვებით მხარს უჭერდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ასე, რომ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რისთვის ებღაუჭება ივანიშვილი არსებულ საარჩევნო სისტემას. ვარწმუნებ ივანიშვილს, რომ მას მოუწევს იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც სჭირდება ქვეყანას“, - განაცხადა ბობოხიძემ.