logo
ENG



ვნუკოვოს აეროპორტის განრიგში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისი გაჩნდა, შემდეგ კი გაქრა

14 აპრ 202317:56
3 წუთის საკითხავი
 

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის განრიგში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისი გაჩნდა, თუმცა ახლა აღარ იძებნება.

საიტზე აღნიშნულ იყო, რომ 2023 წლის 18 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე რეისი ყოველდღიურად, მოსკოვის დროით 11:45 საათზე Georgian Airways-ის მიერ განხორციელდებოდა. 

ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი რეისები შეწყვიტა. 

Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა BM.GE-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია რეისის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. გადაზიდვების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, რომ რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"პირველად მესმის თქვენგან. მართლა არ ვიცი, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. გადაზიდვების სამსახურის უფროსი ვარ. უნდა მცოდნოდა, მით უმეტეს 18-ში თუ იგეგმება რეისი, ორი კვირით ადრე მაინც უნდა ვიცოდე", - თქვა შოთა ყანჩაშვილმა.

გამოცემა ეხო კავკაზა წერს, რომ ვნუკოვოს აეროპორტის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ საუბარია პირდაპირ რეისს და არა ფრენაზე ერევნიდან და დეტალების დასაზუსტებლად კომპანიასთან დაკავშირება ურჩიეს. მოგვიანებით, ვნუკოვოს აეროპორტში განაცხადეს, რომ თბილისის პირდაპირი რეისის შესახებ ინფორმაციის გამოჩენა "ტექნიკური შეცდომაა".

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა.

"ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული  საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 


close დახურვა