logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

17 ივლ 202509:18
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/17/1g5u60k2etwwivw.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა.

როგორც Украинская правда-ს ფრაქციის წევრებმა აცნობეს, შეხვედრაზე ზელენსკი დაახლოებით 30 წუთით იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული მუშაობისთვის და პრემიერობის კანდიდატად იულია სვირიდენკო წარადგინა.

სვირიდენკოს ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი იქნება მიხაილ ფიოდოროვი - ციფრული ტრანსფორმაციის მოქმედი მინისტრი, რომელიც ინოვაციებზე იქნება პასუხისმგებელი.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე სწორედ ყოფილი პრემიერი შმიგალი განიხილება.

სამი ეკონომიკური მიმართულების - ეკონომიკის, ეკოლოგიისა და აგრარული პოლიტიკის სამინისტროების შერწყმით შეიქმნება ახალი სტრუქტურა, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს - იგი სვირიდენკოს პირველი მოადგილე იყო ეკონომიკის სამინისტროში.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად თარას კაჩკა დაინიშნება - ისიც სვირიდენკოს მოადგილე იყო. ზელენსკის შეხვედრაზე არ უსაუბრია იმ მოლოდინზე, რომ სტეფანიშინა შეიძლება ევროკავშირში ან აშშ-ში უკრაინის ელჩად გადაინაცვლოს.

სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული სამინისტრო მიიღებს ახალ სახელწოდებას - „ოჯახის, სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის სამინისტრო“, რომლის ხელმძღვანელად ფინანსთა პირველი მოადგილე დენის ულიუტინი მოიაზრება.

ენერგეტიკის სამინისტროს, ჰერმან ჰალუშენკოს ნაცვლად, სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს - მანამდე ის ეკოლოგიის მინისტრი იყო. ჰალუშენკო კი იუსტიციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.

კულტურის სამინისტრო დროებით დარჩება ხელმძღვანელის გარეშე - კანდიდატზე მსჯელობა გრძელდება. პარალელურად, კულტურის სამინისტროდან გამოეყოფა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

თავიანთ პოსტებს შეინარჩუნებენ:

  • ვიცე-პრემიერი და თემთა განვითარების მინისტრი ალექსეი კულება,
  • საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა,
  • შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო,
  • ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო,
  • ვეტერანთა საქმეთა მინისტრი ნატალია კალმიკოვა,
  • ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლაშკო,
  • ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მატვეი ბედნი,
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოქსენ ლისოვი.
  • ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის კენჭისყრა რადაში 17 ივლისს გაიმართება.

close დახურვა