„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არ დარჩენილა სფერო, რომელიც ანტიკრიზისულმა გეგმამ არ მოიცვა. მათივე განცხადებით, მთავრობამ გააკეთა მაქსიმალური ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში, რათა მოქალაქეებს დახმარებოდა.
უმრავლესობა ოპოზიციას პოლიტიკური ნიშნით განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დივერსიფიცირებული პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეებისთვის სოციალური რისკების გადაზღვევას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოიცავს საქართველოს მოქალაქეების ბევრ ფენას და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი - საქართველოს მოქალაქეების სოციალური რისკების დაზღვევა“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ანტიკრიზისულ გეგმა დამყარებულია ღრმა მეცნიერულ ანალიზსა და სიტუაციის შეფასებაზე.
„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, როგორც ეს სჩვევიათ ჩვენს ოპონენტებს, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე. თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე. რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ბუმს და ეს გეგმა არის ჩამოყალიბებული იმდენად, რამდენადაც პანდემიამ განაპირობა კრიზისი“, - განაცხადა გია ვოლსკმა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია - ასე აფასებს ოპოზიციური სპექტრი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას. ამის თქმის საფუძველს მათ ის დახმარებები აძლევთ, რომელიც, გეგმის მიხედვით, 6 თვეზე არის გადანაწილებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს გათვლა ხელისუფლებას არჩევნებს ვერ მოაგებინებს, თუმცა კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლას მაინც შეაფერხებს.