logo
ENG



ვოლსკი ახალ გენპროკურორზე - არ მახსოვს, გახმაურებული საქმეები უყურადღებოდ ყოფილიყო დარჩენილი

18 თებ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განმარტეს, თუ რატომ დაუჭირეს მხარი გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დამტკიცებას.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ შოთაძე მეორე შანსს იმსახურებს და მან ეს მიიღო.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, ახალი გენპროკურორის ხელმძღვანელობით უწყება ყველა იმ კრიტიკულ შეკითხვას უპასუხებს, რომელიც ბოლო პერიოდში გაჟღერდა.

„არ მახსოვს გახმაურებული საქმეები, რომელიც არსებობდა, უყურადღებოდ იყო დარჩენილი. მგონია, რომ ყველა თემას, თუნდაც კრიტიკული შეკითხვები, რომელიც დაისვა უახლოეს პერიოდში, უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენ გვახსოვს ისეთი გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვის რა ბედი ეწეოდა ხვალ, ვის რა ბიზნესი აეხეოდა, ვისი ბიზნესი ვისთვის უნდა გადაეცათ, ღირსება ვის უნდა შერჩენოდა, თავისუფლება ან ჯანმრთელობა. გავიარეთ ეს პერიოდი და დღეს როგორც ხედავთ, ამ თემაზე ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს, ვინც ჩაიდინა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ხორავას ქუჩის საქმეს, რომლის გამოც, ირაკლი შოთაძეს 2018 წელს თანამდებობის დატოვება მოუწია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კითხვების გაჩენისთანავე, შოთაძემ თანამდებობა დატოვა და ეს მის დადებით მხარეზე მიუთითებს.

 „პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო. ის აღარ შედის მთავრობის შემადგენლობაში, რაც არის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. ეს ფორმალური მხარე აისახება საბოლოოდ პრაქტიკაში. რაც შეეხება სარალიძის საქმეს, პირველივე კითხვის გაჩენის დროს ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა და ეს მხოლოდ პლიუს ფაქტორად ეწერება მის თვისებებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, არც ერთი არ იყო. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს. ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას მომდევნო 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.


close დახურვა