საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ტრაგედიით სპეკულირებაა.
„ტრაგედიის სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია და შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც გარდაიცვალა და მათი ახლობლების. ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია მორალურადაც და რასაკვირველია, ბევრი დასკვნაა გასაკეთებელი, რა მოხდა, შესასწავლია საკითხი. ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც, რასაკვირველია, მორალთან არაფერი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - აქედან ოთხი მცირეწლოვანია.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო მოძრაობები პარლამენტის პიკეტირებას აღარ მოახდენენ. მან პარლამენტს მოუწოდა, რომ დღევანდელი სხდომა გადაედოთ.