logo
ENG



ვოლსკი სასამართლო რეფორმაზე: ვენეციის კომისიის დასკვნის რაღაც ნიუანსები არ გავითვალისწინეთ

06 ოქტ 202016:57
3 წუთის საკითხავი
 
5v6249ewo9jza29.jpg

ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი მოსამართლეების არჩევის საკითხზე ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების "რაღაც ნიუანსები" არ შეასრულა. იგი იქვე ამატებს, რომ ამ საკითხის "დრამატიზება" საჭირო არაა.

"არის რაღაც ნიუანსები, რომელიც არაა ბოლომდე გათვალისწინებული. ვენეციის კომისიას რეკომენდაცია აქვს გაცემული გარკვეულ ნიუანსებზე, რომელიც არ შეასრულა ქართულმა მხარემ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგი პარლამენტი, აი, ამ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებს. მე ამ პროცესის დრამატიზირებას არ მოვახდენდი", - ამბობს გია ვოლსკი.

გუშინ, 5 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებული კანონი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაზე "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო:

"სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა".

პარლამენტმა ბოლო პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა - შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი. კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებენ.


close დახურვა