logo
ENG



ვოლსკი ტიკარაძის გადადგომაზე: არის პრემიერის შეხედულებები, იერარქია, რაც უნდა დავიცვათ

10 დეკ 202100:02
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი ტიკარაძის გადადგომაზე: არის პრემიერის შეხედულებები, იერარქია, რაც უნდა დავიცვათ

ქართული ოცნების დეპუტატის, ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ეკატერინე ტიკარაძე საკმაოდ კომპეტენტური იყო, არამხოლოდ მის სფეროში, მაგრამ "არის პრემიერმინისტრი, მისი შეხედულებები და იერარქია". იმედის ეთერში საუბრისას ვოლსკი აღნიშნავს, რომ მინისტრის გადადგომის მიზეზებზე თავად, უკვე ყოფილი მინისტრი, ან პრემიერი ისაუბრებს. 

"მაგარი ქალბატონია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი.

რაც შეეხება იმას, როგორ? რა მოხდა? გავა დრო და თავად ილაპარაკებს. 

კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად წასულა, პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. 

საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებებიც გამოუთქვამს და გადაწყვეტილებებიც გამოუთქვამს. მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს. არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, თვითონ ილაპარაკებს", - თქვა ვოლსკიმ. 

დღეს, 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

"3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორად მივიჩნიეთ, შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და აქედან გავამყარო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.

ვთვლით, რომ ის პროექტები, რომელიც დაიწყო და განხორციელდა ამით გარკვეული განვითარების ეტაპი დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.


close დახურვა