logo
ENG



ვფიქრობ, თბილისში იქნება 8 ოლქი საბოლოოდ - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა

11 მარ 202015:05
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

მმართველი გუნდის ვერსიაში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში დღეს უნდა წარადგინოს, თბილისში 7 ოლქია გათვალისწინებული, ოპოზიცია კი ითხოვს, რომ დედაქალაქში 8 მაჟორიტარული ოლქი იყოს. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ამ საკითხზე შეთანხმება შედგება და საბოლოოდ თბილისში 8 ოლქი იქნება.

„წინასწარი შეთანხმება რაც არის მიღწეული მეტნაკლებად მისაღებია. ვფიქრობ, რომ თბილისში იქნება 8 ოლქი საბოლოოდ, რაც მნიშვნელოვანია. დანარჩენ ოლქებთან დაკავშირებით ალბათ დეტალების გახმოვანება არ ღირს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ეს კონსულტაციები და ეს ქმედებები საკმაოდ კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა იაქტიუროს და გაათავისუფლოს გიგი უგულავა“, - განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის მოთხოვნას არათანმიმდევრულს უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ მთავარი პრინციპი, რაც დაცული იქნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია.

„მოვისმინე კომენტარები, რომ თბილისი იმსახურებს მეტ მაჟორიტარულ ოლქს. რეგიონებიც იმსახურებენ მეტ ოლქს და თბილისიც რომ იმსახურებდა ამიტომ იყო შეთავაზება მეტ მაჟორიტარულ ოლქზე. ამიტომ წერია დღემდე 73 ოლქი. აქედან გამომდინარე, რა გამოდის, ჩვენ ვამბობდით იმას, რომ მეტი პროპორციული უნდა იყოს, შემდგომ ეს არ იქნა გაზიარებული კოლეგების მხრიდან და ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნა იყო მეტი დაახლოება პროპორციულთან და დღეს ითხოვენ, მეტ მაჟორიტარულ ოლქს. ესეთი არათანმიმდევრულია სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


close დახურვა