„ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ეკლესიასთან ენის მოჩლექით საუბარს", - ასე აფასებს საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიებში წირვა-ლოცვების ჩატარებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე. როგორც სალაძემ განმარტა, სახელმწიფო ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და მან უნდა მოუწოდოს რელიგიურ კონფესიებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული წესების შესრულებისკენ.
„განცხადების პათოსი მიემართება რელიგიურ კონფესიებს. როცა ვალდებულებების დაცვაზეა, მივმართავთ სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსება, ჩვენ არ ვირჩევთ მეუფეებს - ვირჩევთ პარლამენტარებს, მთავრობას და ისინი არიან ანგარიშვალდებულები ჩვენ წინაშე. მას ანაფორა აცვია, შარვალი თუ პიჯაკი, წესი ყველასთვის არის წესი. გუშინ მარნეულის შემთხვევა ვნახეთ - როგორც ჩანს, მზარდი ტენდენციაა. ველოდი, რომ ვინმეს ნებისყოფა ეყოფოდა ხელისუფლებიდან და იტყოდა, რომ საგანგებო მდგომარეობა ეხება ეკლესიას და მართებს ყველას მეტი გონიერება. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ეკლესიასთან ენის მოჩლექით საუბარს", - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, თუმცა მეორე დღეს მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა.