ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნები, - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, დღეს აქციაზე შეიკრიბება ის ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ მათ ივანიშვილმა ღირსება შეულახა.
მისივე განმარტებით, ივანიშვილს ხალხის მძლავრი პროტესტი არ გაუგია, თუ არ ჩავთვლით 20 ივნისის მოვლენებს, მაშინ პირველად დაინახა, რა არის ხალხის ძალა და სწორედ ამიტომ დაუშვა შეცდომები და სისხლის გუბეები დააყენა რუსთაველის გამზირზე.
„ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გაიგებს ხალხის ხმას. მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში - ივანიშვილს ხალხის მძლავრი პროტესტი არ გაუგია, თუ არ ჩავთვლით 20 ივნისის მოვლენებს, როდესაც პირველად დაინახა, რა არის ხალხის ძალა და ეგრევე მოწყდა, დაუშვა შეცდომები და სისხლის გუბეები დააყენა რუსთაველის გამზირზე. თუ 20 ივნისი რაღაც პროცესების დასაწყისად შეიძლება ჩავთვალოთ, ნოემბერი უნდა გახდეს ამ პროცესების დასასრული იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდე ერთხელ მოატყუა მოსახლეობა და ის პირობა დაარღვია, რომელიც მან 20 ივნისის შემდეგ მისცა. დღეს აქ შეიკრიბება ის ხალხი, ვინც თვლის, რომ ივანიშვილმა ღირსება შეულახა მათ იმიტომ, რომ ღირსების საკითხია, როდესაც გართმევენ მთავარ არჩევანის უფლებას. ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს აქციები იქნება დროებითი და შემდეგ ისევ დაუბრუნდება თავის საქმეებს მაგრამ ასე ნამდვილად არ იქნება იმიტომ, რომ აქ ხელის ჩამოსართმევად არ ვიკრიბებით, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნები,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ივნისში გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, არ შეასრულა.
პარტია „ევროპული საქართველო" და მისი მხარდამჭერები 14:00 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან.
ასევე, 14:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.