სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამაზე რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთანაც ქონდა საუბარი. ზალკალიანის თმით, ფრენების აღდგენა აუცილებელია და ამის განხორციელება უფრო ადრეც შეიძლებოდა.
„ამის შესახებ მე მქონდა საუბარი არაფორმალური შეხვედრის დროს ნიუ-იორკში. მაშინაც და დღესაც ვიმეორებ, აუცილებელია ფრენების აღდგენა. ვფიქრობ დაგვიანებულიცაა. საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა ზაფხულის მოვლენები მაქვს მხედველობაში, არც ერთ რუსეთის მოქალაქეს და არც ერთ საერთაშორისო ვიზიტორს საქართველოში პრობლემა არ შექმნია და არც შექმნია. ხალხთა შორის ურთიერთობა და თავისუფალი გადაადგილება, ეს არის ის უფლებები, რომლის ხელოვნური შეზღუდვა არასწორია“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო ბევრი ისაუბროს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ზალკალიანმა მაგალითად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე მოიყვანა და აღნიშნა, რომ გატაცებული რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის, კერძოდ, izvestia-ს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. როგორც მედიასაშუალებას სახელისუფლებო წყარომ განუცხადა, ფრენები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა აღდგენილიყო, მაგრამ ქვეყანაში ჯერჯერობით არასტაბილური ვითარებაა, კერძოდ მიმდინარეობს დემონსტრაციები.