logo
ENG



ზალკალიანი: რუსული სააგენტოების დეზინფორმაციაა, რომ ავღანელი ლტოლვილები შევიფარეთ

26 აგვ 202118:37
3 წუთის საკითხავი
 
ზალკალიანი: რუსული სააგენტოების დეზინფორმაციაა, რომ ავღანელი ლტოლვილები შევიფარეთ
საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსული სააგენტოები მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა.  

როგორც მინისტრმა თქვა, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო  ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება. ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ, ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან.

"ეს არის დროებითი ღონისძიება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შემდგომი გადამისამართება ამერიკის  და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში", -  განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიკავა, ათეულობით ათასი ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რათა ისლამური კანონების მკაცრ ინტერპრეტაციებსა და დევნას გაექცეს. ავღანელები ძირითადად აშშ-სა და ევროპაში გადასვლას ცდილობენ. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა მზაობა ავღანელი ლტოლვილების მიღებისთვის. 

ლტოლვილების მიღებისთვის აშშ-მ რამდენიმე ქვეყანას მადლობა გადაუხადა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, 30-მდე სახელმწიფო მზადაა, აშშ-სთან ერთად უზრუნველყოს ავღანეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოსვლა ქვეყნიდან. პრაისის ჩამოთვლილ სახელმწიფოებს შორის არიან: უკრაინა, პოლონეთი, ალბანეთი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია, მექსიკა და კანადა. 

პრესსპიკერის განცხადებით, აშშ მუშაობას განაგრძობს იმისათვის, რომ დახმარება სხვა ქვეყნებიდანაც მოიძიოს.


close დახურვა