საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება რუსეთის საგარეო სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას, რომ გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს. ზალკალიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაისინჯება და თავად ნატოსა და საქართველოს გადასაწყვეტია, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი.
"რა თქმა უნდა, მიუღებელი არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ნატო არის უნიკალური ორგანიზაცია, და ის არის დაფუძნებული პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მე-3 მხარეს არა აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია და ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატოელი პარტნიორები და [ნათელია] ის, რომ ყველა ქვეყანას რომელიც მიისწრაფვის ნატოსკენ და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის ნატოს კარი ღიაა და ეს არის ნატოსა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, ამ შემთხვევაში საქართველოს და ნატოს გადასაწყვეტი.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ იყო განმეორებული სხვადასხვა უმაღლესი დონის სამიტის გადაწყვეტილებებში. 2008 წლის შემდეგ თითქმის ყველა სამიტზე არის ამის შესახებ საუბარი. მათ შორის, ბოლო, 2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ნიშანდობლივია ისიც, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი მათ შორის ჰელსინკის დეკლარაციით, ასევე, პარიზის გადაწყვეტილებით და ყველა დიდ საერთაშორისო შეთანხმებაში ამის შესახებ არის საუბარი." - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს გააუქმოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე.
"ევროპული უსაფრთხოების საფუძვლიან ინტერესში უნდა იყოს, რომ დაუყონებლივ გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წევრი ქვეყნების ვალდებულებასთან არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება, სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე" - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.
NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მხარი დაუჭირეს დეკლარირებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები.