logo
ENG



ზალკალიანი: შარლ მიშელს ვუთხარით, რომ რეფორმების დიდი ნაწილი შესრულებულია

24 აგვ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა იმ რეფორმების ერთგულება, რომელიც 19 აპრილის დოკუმენტით შეთანხმდა. 

დავით ზალკალიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა - 23 აგვისტოს,  არაფორმალურ შეხვედრაზე შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერმინისტრს უთხრა, რომ "მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით". 

ზალკალიანმა თქვა: 

"გუშინ პრემიერმინისტრს ჰქონდა ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, არაფორმალურ ვითარებაში. 

იყო საუბარი იმ შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. 

ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც არის ლაპარაკი 19 აპრილის შეთანხმებაში. იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული, ასევე ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც, რადგანაც რეფორმების მიმდინარეობა და მისი შესრულება არის პროცესი და ამ პროცესს ჩვენ თანმიმდევრულად გავყვებით მომავალშიც. ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც ლაპარაკია 19 აპრილის შეთანხმებაში, იქნება შესრულებული". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი მედიატორი იყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 

რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 19 აპრილს დოკუმენტიც გაფორმდა, რომელიც 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. 

შეთანხმებიდან გასვლამდე მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დოკუმენტის ჩანაწერი, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დამტკიცება სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებამდე. 

შეთანხმების ანულირებით ქართული ოცნება ასევე უარს ამბობს, დანიშნოს რიგგარეშე სალარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ ნაწილში ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. 

რაც შეეხება ევროკავშირის მაკროეკონომიკურ დახმარებას და მის შესაძლო შეჩერებას - 2020 წლის აპრილში ვროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების მიზნით 3 მილიარდი ევრო გამოუყო. საქართველოსთვის გამოყოფილია 150 მილიონი ევრო. 

დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო. 

მეორე ნაწილის მიღება 2021 წლის ბოლოს იგეგმება. 

თუმცა, ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, სანამ შეთანხმება უშუალოდ შარლ მიშელის მედიაციით გაფორმდებოდა, საქართველოში მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა. შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

მოლაპარაკებების ამ პროცესის ჩაშლის შემდეგ, 1-ლ აპრილს 7-მა ევროპარლამენტარმა მაკროფინანსური დახმარების შეჩერება მოითხოვა.

"კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა მოელოდნენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებისამებრ გაგრძელდება". - აღნიშნავდნენ ისინი. 

30 ივლისს კი, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი.


close დახურვა