მიიყვანს თუ არა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთს ახალ ომამდე. მსოფლიო ბაღდადის აეროპორტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებს აფასებს. გაერო მხარეებს თავშეკავებისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს, შეერთებული შტატები კი რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის. კვლავ შურისძიების პირობას დებს ოფიციალური თეირანი და მისი მოკავშირე დაჯგუფებებიც.
იქონიებს თუ არა გავლენას რეგიონში შექმნილი უკიდურესად დაძაბული ვითარება საქართველოზე და როგორი უნდა იყოს სამოქმედო გეგმა ვითარების კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში. თემას უკვე აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ სტაბილურიბა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს თავისუფალი სამყაროს დასუსტების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესია, პირველ რიგში, მშვიდობა და სტაბილურობა ამ ფართო რეგიონში, მაგრამ არა თავისუფალი სამყაროს დასუსტების და ტერორიზმის გაძლიერების ხარჯზე; ამავე დროს, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და უნდა იყოს საქართველოს ქცევაში“, - განაცხადაგიორგი კანდელაკმა.
რეგიონში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე გამოეხმაურა, დავით ზალკალიანი დიპლომატიურ კორპუსს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა და პროვოკაციული თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოში ბაღდადში, შეერთებულ შტატებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები. დროა დიპლომატიამ მოახდინოს ვითარების დეესკალაცია და დაძაბულობა განმუხტოს“, - წერს ზალკალიანი.
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განვითარებული ვითარება საქართველოზე გავლენას აუცილებლად მოახდენს, ამიტომ საქართველოში ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი შეეწირა.
ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ დაიფიცა, რომ სულეიმანის გამო ირანი შურს იძიებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, საჰაერო თავდასხმამ ბევრი ამერიკელის სიცოცხლე გადაარჩინა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანთან ომი არ სურთ, თუმცა ამერიკელ ხალხს ყოყმანის გარეშე დაიცავენ.
საჰაერო თავდასხმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს განხორციელდა. მას წინ უძღოდა ბაღდადში ამერიკის საელჩოზე ალყა და თავდასხმის მცდელობა, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები ირანელ გენერალ სოლეიმანს უკავშირებდნენ.