logo
ENG



ზალკალიანი გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე: ჩვენ თანმიმდევრული ვიქნებით

29 დეკ 201912:01
3 წუთის საკითხავი
 
s65b4iv3exigrmi.jpg

გამშვები პუნქტის ჩაკეტვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მსგავს პროვოკაციებს ჩვეული სიმშვიდითა და კონსტრუქციულობით უპასუხებს.

„ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმი ხშირად მიმართავს ამ მეთოდს. ჩვენ თანმიმდევრული ვიქნებით ჩვენი პოლიტიკის და გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას, გამოვიყენებთ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, რათა გადაადგილების თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ აკეთებს ყველაფერს მისი შესაძლებლობების ფარგლებშიც კი. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთო კახიძე ამბობს, ოკუპაციის დასასრულებლად მთელი რიგი ქმედებებია საჭირო, რასაც ხელისუფლება ვერ ახერხებს.

„არ ვთვლი, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საოკუპაციო ხაზთან შემქნილი ვითარება. ხელისუფლების ვალდებულებაა ჩვენი მოქალაქეების უფლებები საოკუპაციო ხაზთან იქნას დაცული. ოკუპაციის დასრულებას უნდა მოთმინება და კონსტრუქციული ქმედებები, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება - ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, რასაც ვერ აკეთებს. მაგრამ გამშვები პუნქტი გაიღება თუ ჩაიკეტება, არ შეიძლება რომელიმე ხელისუფლებას დაბრალდეს", - აცხადებს ოთო კახიძე.

ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედებებით ზარალდება ორივე მხარეს მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა. გიორგი რუხაძის თქმით, რუსეთის დავალებების შესრულებით დე-ფაქტო რეჟიმი აზარალებს საკუთარ მოსახლეობასაც.

„ეს არის აქტი არა მხოლოდ ქართველების, ოსი ხალხის წინააღმდეგაც და ეს ახალი არ არის - ეს არის პროვოკაციული ქმედებების მთელი კასკადი, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს რუსეთის დავალებით. სამარცხვინოა ახალ წელს ასეთი ქმედებები, რადგან ამით ზარალდება მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა“, - გიორგი რუხაძე 

ერთადერთი მოქმედი გადასასვლელი პუნქტი, რომელიც სოფელ პერევთან მდებარეობს, საახალწლოდ ჩაიკეტება. ადგილობრივებს გადაადგილება უკვე ხვალიდან შეეზღუდებათ. 5-თვიანი იზოლაციის შედეგად კი, უკვე ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა ახალგორის ქართული მოსახლეობა.


close დახურვა