logo
ENG



ზალკალიანის თქმით, კალასს ღარიბაშვილისთვის საელჩოს მიყურადებაზე ანგარიში არ მოუთხოვია

18 დეკ 202114:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ესტონეთის პრემიერმინისტრსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის მეგობრული შეხვედრა გაიმართა და კალასს ღარიბაშვილისთვის საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში არ მოუთხოვია.

მინისტრი აცხადებს, რომ მეგობარ ქვეყნებს შორის ტაბუდადებული თემები არ არსებობს და პრემიერმინისტრებს შორის გულწრფელი დიალოგი შედგა.

ზალკალიანის თქმით, ის ესწრებოდა ამ შეხვედრას და კაია კალასი სხვა საკითხებთან ერთად დაინტერესდა ფარული მოსმენების შესახებ საგამოძიებო პროცესით, რაზეც ღარიბაშვილმა მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. 

„მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო ძალიან გულწრფელი, მეგობრული საუბარი ყველა იმ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით, რა პროცესებიც ქვეყანას მიმდინარეობს. პრემიერმინისტრის მხრიდან იყო ამომწურავი ინფორმაცია მიწოდებული, ყველა მიმართულებით, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და მათ შორის, საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს და არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის ურთიერთობაში არ არის. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი.

არ მოსთხოვა ანგარიში. ეს რა კითხვაა? იქ ვიყავი და მეუბნებით ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ ყოფილა.“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ესტონეთის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

კაია კალასმა ესტონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეხვედრისას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა.

როგორც კალასმა ინტერვიუში აღნიშნა, მან ქართველ კოლეგას უთხრა, რომ მეგობრების მოსმენა სრულიად მიუღებელია და ასე არ ხდება.

კაია კალასის თქმით, მოლაპარაკების დროს რთული თემებიც განიხილეს, მათ შორის შეფერხებული რეფორმები საქართველოში. 

"ვუთხარი, რომ გვინდა თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ თქვენ ეს უნდა გაგვიადვილოთ. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, შეეცადეთ გადალახოთ განხეთქილება საზოგადოებაში", - ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი

*** 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა