logo
ENG



ზაპოროჟიეს სადგურის მიმდებარედ სიტუაცია არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება - IAEA

07 მაი 202314:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/07/rpd57fzrir5p69t.jpg
REUTERS/Valentyn Ogirenko

გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის რაფაელ გროსის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო სიტუაცია "პოტენციურად საშიშია".

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვის მიერ კონტროლირებულმა ადგილობრივმა ე.წ ხელისუფლებამ მიმდებარე ქალაქი ენერგოდარიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

IAEA-ს ხელმძღვანელი შეშფოთებულია ბირთვული საფრთხეებისა და მათი შესაძლო შედეგების გამო და რუსეთს ევროპის უდიდესი ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობისთვის საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოგადი სიტუაცია მზარდად არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება.

მე ძალიან ვარ შეშფოთებული ბირთვული საფრთხეების გამო, რაც ძალიან რეალურია და უსაფრთხოების რისკებზე, რომელიც სადგურს ემუქრება. ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა სერიოზული ბირთვული ინციდენტის საფრთხე და მოსახლეობისა და გარემოსთვის მასთან დაკავშირებული შედეგები თავიდან ავირიდოთ" - განაცხადა გროსიმ.

გროსის თქმით, ელექტროსადგურის პერსონალი ადგილზე რჩება, თუმცა ადგილზე არსებული მდგომარეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის სულ უფრო იძაბება.

უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის იმ ნაწილში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს 5 მაისს ფრონტის ხაზთან მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, ადგილობრივი ე.წ ხელისუფლების თქმით, გახშირებული დაბომბვის გამო გამოცხადდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ევაკუირებული მოსახლეობა აზოვის ზღვის მიმდებარედ, ბერდიანსკისა და პრიმორსკის ტერიტორიებზე გადაჰყავთ.

ამ დროისთვის ზაპოროჟიეს რეგიონის დაახლოებით 80%-ს რუსეთი აკონტროლებს. 

IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფი ტერიტორიაზე 2022 წლის სექტემბერს ჩავიდა. მისი ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ბოლოს 2023 წლის მარტში იმყოფებოდა, რათა მხარეებს შორის სადგურის უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია.

გროსიმ არაერთხელ გააფრთხილა მხარეები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სამხედრო მოქმედებების საფრთხეებზე.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან არაერთხელ დაიბომბა. რუსეთი ზაპოროჟიეს სადგურზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე უკრაინის ელექტროენერგიის დაახლოებით მეხუთედს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებდა. თავდასხმების გამო, სადგურის სარეზერვო გენერატორებზე გადართვა არაერთხელ გახდა საჭირო.

 

close დახურვა