ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას თბილისში გამარჯვების შანსი არ აქვს და მან ამის შესახებ იცის. ზარქუას აზრით, გახარიას ამოცანაა, ხელი შეუწყოს ნაციონალურ მოძრაობას, რათა კახა კალაძემ ქულები დაკარგოს. ზარქუამ გახარიას მეგრულად მიმართა.
"ვარექ სი მართალ კოჩი, გახარია [არ ხარ მართალი კაცი, გახარია]. ეს არაფერში წერია. მას მეგრული არ ესმის, მაგრამ უთარგმნიან და ყველა ამას ეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა".
გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან პირველ სექტემბერს განაცხადა.
ის პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა, 18 თებერვალს კი დატოვა თანამდებობა და პარტია ქართული ოცნება. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების საკითხზე მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.
გახარიამ განაცხადა, რომ "კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი იყო".
ამის შემდეგ გახარიამ ახალი პარტია საქართველოსთვის დააფუძნა, რომელსაც ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი წევრები, მხარდამჭერები და მაღალჩინოსნები შეუერთდნენ.