ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აშშ-ში ჩატარებული არჩევნებით შეშფოთებულია და "თუ არის საშუალება, დაგმობდა".
ზარქუა ქვეყანას მოუწოდებს, დროულად შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.
"სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ, მსუბუქად რომ ვთქვა. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა აშშ-ში არჩევნები. ჩვენ იმიტომ გვაინტერესებს, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან და იქ რაც ეუთო/ოდირის დასკვნა მოვისმინეთ, ჩანაწერი, სადაც არის პოლარიზაცია, მოსყიდვა, დაშინება, რაღა შორს წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ, არ ვიცი ეს თუ სიმართლეა... ჩვენთან მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ. შემაშფოთებელია.
თუ არის საშუალება, ალბათ, დავგმობდი. გულისტკივილით ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ჩვენ აშშ-ს, ისევე, როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს, ველოდებით და ვუყურებთ, როგორც მაგალითის მომცემს და როდესაც ეუთო/ოდირის ასეთი დასკვნა დაიდება, იქ რანაირად უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია? რანაირად უნდა ავუხსნათ მათ, რომ კონკურენცია არის მნიშვნელოვანი? რანაირად უნდა ავუხსნათ, რომ დაშინება, მოსყიდვა გამორიცხულია?
როგორც აღმოჩნდა, ეუთო/ოდირის დაკსვნის მიხედვით, საქართველო გაცილებთ წინ ყოფილა, ვიდრე პირადად მე მეგონა და მე კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები, რაც არის მათ შორის ეუთო/ოდირის... არც ერთი არ ჰქონია შესრულებული და დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. ჩვენ გვინდა, ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი, იმიტომ, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რატომ გვინდა დასავლეთი და რატომ გვინდა ევროატლანტიკურ სივრცეში", - თქვა ზარქუამ იმედზე.
აშშ-ში 8 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სენატზე კონტროლს დემოკრატები ინარჩუნებენ.