ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პარტიაში არ ჩქარობენ კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადონ. მანამდე მმართველი პარტიის ლიდერებმა იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ხალხს გამარჯვება მიულოცეს.
"ლიდერობს კახი კალაძე, თუმცა ცდომილებიდან გამომდინარე, მაინც თავს ვიკავებთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ. დაველოდოთ დათვლის შედეგებს და უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ცხადად ვთქვათ, პირველ ტურში დასრულდება თუ მეორე ტური გახდება საჭირო. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღვართან არის ახლოს", - თქვა ზარქუამ იმედის ეთერში.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 20:00 საათისთვის ასე განაწილდა:
- კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 44%
- ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 40%
- გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური შედგება კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის.