logo
ENG



ზახაროვა ლავროვის ვიზიტზე: გავარკვევ და დასვენების შემდეგ მოგახსენებთ პასუხს

05 იან 202017:27
3 წუთის საკითხავი
 
0zjhin8l2xoeh8s.jpg

ჩამოვა თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვი, ჯერ გაურკვეველია. გაზაფხულზე საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალი უნდა გაიმართოს, რომლის ერთ-ერთი წევრიც რუსეთია. რუსეთის წარმომადგენლად კი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს დიდი ალბათობის ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ანტისაოკუპაციო კანონის არაერთგზის დამრღვევი, სერგეი ლავროვი უნდა ეწვიოს. „ფორმულა ნიუსი“ ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას ესაუბრა.

ზახაროვას განცხადებით, ის ამ ეტაპზე დაზუსტებით ინფორმაციას არ ფლობს, ვინაიდან ამ დროისთვის ოფიციალური უწყებები ისვენებენ, მისი თქმით, დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის და აცნობებს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს სერგეი ლავროვს.

„დღეს თბილისიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა დამირეკა, უბრალოდ, ახლა საახალწლო დღეების დასვენებებია, გავითვალისწინებ თქვენს შეკითხვას, გავარკვევ, რა გადაწყდება და დასვენების შემდეგ მოგახსენებთ პასუხს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ევროპის საბჭოს მინისტერიალს, ქვეყნის უმაღლესი პირები ესწრებიან, იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ სერგეი ლავროვი არ დაესწრება მინისტერიალს, შეხვედრას დაესწრება მისი მოადგილე, რომლის პოზიციაც საქართველოსთან მიმართებით ცნობილია, ის ემხრობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების პოლიტიკას.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები არ კეთდება,  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით,ამ საკითხზე მუშაობენ, ევროპის საბჭოს მინისტერიალი მაისში იმართება, ღონისძიებამდე კი დგება იმ პირთა სია, რომლებიც ამ ღონისძიებას დაესწრებიან. 

გასულ წელს მინისტერიალი ჰელსინკიში გაიმართა, სერგეი ლავროვი ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია,  დაესწრება თუ არა ის საქართველოში გამართულ მინისტერიალს.

 

 

 

 


close დახურვა