logo
ENG



ზახაროვას თქმით, რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს აფხაზეთის გავლით სომხეთთან რკინიგზა აღადგინოს

29 ივნ 202315:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/29/kvxp271i5476d12.jpg

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა აფხაზეთის სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვა: "მოგეხსენებათ, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო კომუნიკაცია დაბლოკილია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. თქვენი აზრით, როგორია ამ საკითხის მოგვარების პერსპექტივები?"

პასუხი: "ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს სახელმწიფოს მეთაურების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებულ შესაბამის კომისიებს. ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება, რათა ეს მოხდეს".

მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. იმავე სურვილს გამოთქვამენ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. 2021 წელს დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა რუსეთის სათათბირო ორგანოს მიმართეს, რომ აფხაზეთი მზად არის "თანაბარი პირობებით" მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ რკინიგზის აღდგენის სურვილი აქვს ქართულ ოცნებასაც.

"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგების ვიზიტის შემდეგ ნებისმიერი ასეთ აბსურდულ იდეაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომ გზები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრანზიტული მიზნით, იტყვის უარს", - განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან საქართველოს გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხი არ განიხილება.


close დახურვა