logo
ENG



ზელენსკი: თუ გადაწყვეტილებები არ მიიღება, ვიფიქრებთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს

19 თებ 202220:52
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: თუ გადაწყვეტილებები არ მიიღება, ვიფიქრებთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის კიდევ ერთხელ ცდის კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ სახელმწიფოებთან. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები არც ამჯერად იქნება მიღებული, დაასკვნის, რომ ეს მემორანდუმი არ მუშაობს. 

"2014 წლიდან უკრაინამ სამჯერ სცადა კონსულტაცია ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ სახელმწიფოებთან. სამივეჯერ უშედეგოდ. დღეს უკრაინა ამას მეოთხედ გააკეთებს, მე, როგორც პრეზიდენტი - პირველად. მაგრამ უკრაინაც და მეც ამას ბოლოჯერ ვაკეთებთ. მე ვიწყებ კონსულტაციების ინიცირებას ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. გარანტორი ქვეყნების მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა. თუ ამ სახელმწიფოების მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, უკრაინას ექნება უფლება, იფიქროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და ეჭვქვეშ დადგება 1994 წელს მიღებული გადაწყვეტილებები". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ბუდაპეშტის მემორანდუმი უსაფრთხოების გარანტიების 1994 წლის 5 დეკემბერს, ეუთოს კონფერენციაზე გაფორმდა. დოკუმენტით ბირთვულმა ქვეყნებმა: აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტები. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე მიერთებით უკრაინამ დათმო ატომური იარაღის მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალი.


close დახურვა