უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მელიტოპოლის მერის მძევლად აყვანით რუსული საოკუპაციო ძალები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
ზელენსკი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მოკავშირეები ვერ იპოვა, ვინც უბრძოლველად დაუთმობდა უკრაინულ ქალაქებს.
„ცხადია, რომ ეს ოკუპანტების სისუსტის ნიშანია. მათ ჩვენს მიწაზე არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი იმედი ჰქონდათ. ეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი თავს იტყუებდნენ, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთს ელიან. მათ აქ ვერ ნახეს მოკავშირეები, ვინც ქალაქებსა და ძალაუფლებას დათმობდა“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით სწორედ ამის გამო ოკუპანტები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, როცა ისინი ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ ადგილობრივი სამართლებრივი უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლები.
იმავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნათელია, რომ სამართლიანი გზით არჩეული ქალაქის მერი ხალხის წარმომადგენელია.
„ეს, როგორც წესი არაა იდეოლოგიაზე, არც პოლიტიკაზე, ეს კონკრეტულ თემში ადამიანების ცხოვრებაზეა. ალბათ, რუსეთში ავტოკრატიული ძალის წლობით მმართველობის შემდეგ, მათ უკვე დაკარგეს ეს ჩვევა. ალბათ მათ სჯერათ, რომ მერი უბრალოდ უფროსია, რომლის მოშორებაც ადვილია.
აქ უკრაინაა. ჩვენ აქ ევროპა გვაქვს. აქ დემოკრატიული სამყაროა, შესაბამისად მელიტოპოლის მერის მძევლად აყვანა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ან საზოგადოების მიმართ, ან მხოლოდ უკრაინის მიმართ დანაშაული არაა, ეს დემოკრატიის წინააღმდეგ დანაშაულია.
მე გარწმუნებთ, რომ ამის შესახებ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მოსახლეობის 100% შეიტყობს. რუსი ოკუპანტების ქმედებები ISIS-ის ტერორისტების ქმედებებს გაუტოლდება" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მელიტოპოლი, ისევე როგორც სხვა უკრაინული ქალაქები, ოკუპანტებს არ დამორჩილდა და რუსეთი მათ დანებებას ვერც მერის მოტაცებით აიძულებს. მისი თქმით ეს ფაქტი სიტუაციას მხოლოდ რუსეთისთვის ართულებს.
უკრაინის პრეზიდენტი მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და ასევე ითხოვს ყველა რეგიონის ხელისუფლების წევრების სრული უსაფრთხოების გარანტიებს.
ზელენსკი აცხადებს, რომ ის მოსკოვთან კომუნიკაციისას საერთაშორისო შუამავლების ჩართულობას განიხილავს.
"თუ თქვენ გადაიქცევით ISIS-ის ტერორისტების ანალოგებად, მაშ რა აზრი აქვს საერთოდ თქვენთან საუბარს? ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ მოსკოვთან კომუნიკაციაში გვყავდეს საერთაშორისო შუამავლები“ - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მელიტოპოლის მერი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.