logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი აგრესიის ერთადერთი წყაროა, თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას ემუქრება

26 მაი 202414:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/q859wdijgi2s3ws.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში 6-წუთიანი ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ის დასავლელ ლიდერებს მიმართავს. გარდა ამისა, ვიდეოში ნაჩვენებია ხარკივზე რუსების თავდასხმის მძიმე შედეგები. 

მიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი აგრესიის ერთადერთი წყაროა და მუდმივად ცდილობს ომის გაფართოებას. უკრაინის პრეზიდენტი დასავლელი პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. 

"მათთვის ყველაფრის დაწვა სიამოვნებაა. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთს მართავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ნორმად აქციონ სიცოცხლის დაწვა, ქალაქებისა და სოფლების განადგურება, ხალხების დაყოფა და ეროვნული საზღვრების წაშლა ომის გზით. არ არსებობს ერი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ასეთი ომი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით. საჭიროა მსოფლიო ლიდერების მონაწილეობა.

ახლა ვარ ხარკივში - ქალაქში უკრაინის აღმოსავლეთით და, სამწუხაროდ, ის ძალიან ახლოს მდებარეობს რუსეთის საზღვართან. რას ნიშნავს ეს ხარკივისთვის? მუდმივი ტერორის მესამე წელი. მილიონზე მეტი ადამიანი ამ ქალაქში. რუსული არმია ყოველ დღე და ყოველ ღამე ბომბავს ქალაქს. ძირითადად S-300 ტიპის რაკეტებით. ეს არის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებსაც რუსეთი ტერორისთვის იყენებს. ხარკივში არ არის არც ერთი უბანი ან ქუჩა, რომელმაც არ განიცადა ეს რეგულარული სისასტიკე. რუსეთმა დაამატა დარტყმები მართვადი საჰაერო ბომბებით. რუსული ავიაცია უახლოვდება ჩვენს სახელმწიფო საზღვარს და ამ ბომბებს პირდაპირ ქალაქზე აგდებს - ეს არის განადგურების უკონტროლო იარაღი. და ნებისმიერი, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში - სან პაულოდან ჰარბინამდე, ამას ერთნაირად აღიქვამს - როგორც ტერორს. ისევე, როგორც ყველა სხვა რუსულ დარტყმას ჩვენს ასობით სხვა ქალაქსა და სოფელზე. ზოგიერთი მათგანი, ოდესღაც სიცოცხლით სავსე, ახლა ფერფლად არის ქცეული, უკაცრიელი. დამწვარი სიცარიელე ომის ყველაზე საშინელი შედეგია... ომი, რომელიც არ გვინდოდა უკრაინაში, რომლის პროვოცირებაც არ მოგვიხდენია და რომელშიც უკრაინა იცავს თავს რუსეთის მცდელობებისგან, დაიპყროს ჩვენი რესურსები და ტერიტორიები და გაანადგუროს ჩვენი ეროვნული იდენტობა. და მსოფლიო ამას ხედავს", - ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას ემუქრება. ის ჰოლოდომორსაც იხსენებს, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, 3.5 – 5 მილიონი უკრაინელი დაიღუპა.

"ჩემს უკან რუსული რაკეტებით დამწვარი წიგნებია. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა უკრაინაში. აქ ხალხი დაშავდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპული ადამიანები. აქ დაწვის ტემპერატურამ ვერ მიაღწია 451 გრადუს ფარენჰეიტს; მაგრამ ეს არის ის, რაც რუსეთის ლიდერებს სჭირდებათ და სურთ - კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურა. და არა მხოლოდ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. რუსეთი თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას ემუქრება. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ატომური ელექტროსადგური დაიპყრო და ღიად იყენებს მას რადიაციული შანტაჟისთვის.

არ არსებობს არაფერი, რაც არ ქცეულა რუსეთის იარაღად, მათ შორის შიმშილი, და სწორედ ეს იგრძნო მსოფლიომ, როდესაც უკრაინას რუსეთის საზღვაო ბლოკადაში მოექცა. რუსეთი არის აგრესიის ერთადერთი წყარო და მუდმივად ცდილობს ომის გაფართოებას. სწორედ ახლა, ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს ამ ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში რუსული თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობისგან. რუსეთი ემზადება შეტევითი მოქმედებებისთვის, ასევე აქედან 90 კილომეტრში ჩრდილო-დასავლეთით - ისინი აგროვებენ ჯარის სხვა ჯგუფს ჩვენს საზღვართან... მას, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, არ უნდა მშვიდობა", - აღნიშნა უკრაინელმა ლიდერმა. 

ზელენსკის რუსეთის მხრიდან დიალოგის სურვილის არ სჯერა და ამბობს, რომ მოსკოვმა კიევი მოლაპარაკებების დროს არაერთხელ მოატყუა. 

"სურს თუ არა რუსეთს დიალოგი? უკრაინას მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან მოტყუების მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ტყუილი, რომელიც, კერძოდ, რუსეთისთვის ამ ომის მომზადების საფარველი იყო. ზუსტად ამიტომ, საჭიროა გლობალური ძალისხმევა - მშვიდობის სამიტი მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით, რომლებსაც რუსეთი ვერ მოატყუებს. სამიტი, რომელიც აჩვენებს, თუ ვის სურს სინამდვილეში მსოფლიოში ომის დასრულება და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად იქნება დარღვეული რუსული რაკეტებითა და არტილერიით, ისევე როგორც ეს ათობით, ათეულჯერ იყო ადრე...", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა შვეიცარიასთან ერთად მშვიდობის სამიტს აორგანიზებს. 

"ჩვენ შვეიცარიასთან ერთად ვამზადებთ ასეთ სამიტს. ის 15 ივნისს დაიწყება. 80-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ ისინი [სამიტზე] ჩამოვლენ. და ჩვენ ვაგრძელებთ ლიდერებთან მუშაობას, ვიწვევთ მათ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილად ეხმარება მშვიდობის დამყარებას. და მე მივმართავ მსოფლიოს ლიდერებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართულნი გლობალურ სამშვიდობო სამიტში - პრეზიდენტ ბაიდენს, შეერთებული შტატების ლიდერს და პრეზიდენტ სის, ჩინეთის ლიდერს. ჩვენ არ გვინდა, რომ გაეროს წესდება დაიწვას... დაიწვეს ისევე, როგორც ეს წიგნები. და იმედი მაქვს, არც თქვენ გინდათ. გთხოვთ, აჩვენოთ თქვენი ლიდერობა მშვიდობის წინ წაწევაში - ნამდვილი მშვიდობის და არა მხოლოდ პაუზის თავდასხმებს შორის. გლობალური უმრავლესობის ძალისხმევა არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ყველა ვალდებულება შესრულდება. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მშვიდობის სამიტს თქვენი პირადი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით. თითოეული ჩვენგანისთვის სასიამოვნო უნდა იყოს მშვიდობის დამყარება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 


close დახურვა