უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის ცნობით მათი ახალი სამიზნე უკრაინის სამხრეთი ნაწილი და მოლდოვაა, სადაც მათივე თქმით, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მისი აგრესიის დასაწყისი იყო და ახლა სხვა ქვეყნების დაპყრობაც სურს.
„დღეს რუსულ არმიაზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლა მათი მიზანი უკრაინის სამხრეთზე კონტროლის მოპოვება და მოლდოვის საზღვრამდე მიღწევაა. და მათი მტკიცებით იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანების უფლებები ირღვევა.
ეს კი მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს: უკრაინაში რუსეთის შეჭრა მხოლოდ საწყისად იყო განზრახული, ახლა მათ სხვა ქვეყნების დაპყრობა სურთ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ სინამდვილეში რუსეთია ის ადგილი, სადაც ადამიანების უფლებების დაცვაა საჭირო, სადაც არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს.
„თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანი ადამიანის უფლებებს უნდა მიხედოს თავად რუსეთია. იქ, სადაც არაა სიტყვის თავისუფლება, არაა არჩევანის თავისუფლება. სადაც უბრალოდ განსხვავებული აზრის უფლებაც არაა. სადაც სიღარიბე ყვავის და ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. იმდენად, რომ ისინი ჩვენთან მოდიან, ომში მიდიან, რათა ის მაინც მოიპარონ, რაც ნორმალურ ცხოვრებას ჰგავს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის სამხრეთ საზღვრისკენ მიიწევს და შესაძლოა შემდეგი სამიზნე მოლდოვა გახდეს.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთი აცხადებს, რომ ე.წ დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეებს ჩაგრავენ, რაც, შესაძლოა, თავდასხმის მიზეზად გამოიყენოს.