უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება. შესაბამისი კანონპროექტი უმაღლეს რადაში უკვე გადაიგზავნა. ის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მომზადდა.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, კერძოდ, უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობა.
"ჩვენ არასდროს მივცემთ უფლებას არავის ააშენოს იმპერია უკრაინის სულში", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ საბჭოს სხდომაზე "უკრაინის ცალკეულ რელიგიურ წრეებსა და აგრესორ სახელმწიფოს შორის კავშირების მრავალ ფაქტზე" ისაუბრეს.
"სამწუხაროდ, რუსეთის ტერორმა და სრულმასშტაბიანმა ომმაც კი ვერ დაარწმუნა ზოგიერთი ფიგურა, რომ ღირს ბოროტების ცდუნების დაძლევა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მისივე თქმით, უკრაინაში აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, როდესაც აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ ნებისმიერ ფიგურას არ ექნება შესაძლებლობა უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტება.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაბამის სამსახურს დაევალა ჩაეტარებინა დებულების რელიგიური ექსპერტიზა მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომები მიეღო.