უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-10 პაკეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სანქციებზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ზელენსკის თქმით, სანქციების მეშვეობით "რუსული აგრესიის პოტენციალი" უნდა განადგურდეს.
"დღეს დამტკიცდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი. მე-10 და, ცხადია, არა უკანასკნელი პაკეტი. სანქციები მომავალშიც დაწესდება, რათა არაფერი დარჩეს რუსული აგრესიის პოტენციალისგან. ახლა მე-10 პაკეტში არის ახალი სასანქციო, მძლავრი ნაბიჯები ტერორისტული სახელმწიფოს სამხედრო მრეწველობისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებმაც სიცრუეში ჩაახრჩვეს რუსული საზოგადოება და ცდილობენ თავიანთი ტყუილი გაავრცელონ მთელ მსოფლიოში. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები და მთელი სახელმწიფო მუშაობენ გლობალური და, კერძოდ, ევროპული სანქციების გაფართოებაზე რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიაზე, როსატომზე, ყველას მიმართ, ვინც მონაწილეობს ტერორისტული სახელმწიფოს სარაკეტო პროგრამაში და ბირთვულ შანტაჟში.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მიიღო, რომელიც დამატებით 120 ადამიანის და კომპანიის სანქცირებას, სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს და ექსპორტზე შეზღუდვებს მოიცავს. ევროპულმა საბჭომ სანქციების ახალი პაკეტი 25 თებერვალს დაამტკიცა.