უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებს, როგორც მოსკოვის მიერ საჰაერო დარტყმების ახალი ტაქტიკის საპასუხო ნაბიჯს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ ვლადიმირ პუტინმა ზამთრისთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების გაფართოების შესახებ ახალი პოლიტიკა დაამტკიცა. მისი განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ქალაქებსა და სოფლებში მდებარე ობიექტებზე თავდასხმებით მოსახლეობის ქალაქებიდან გასვლას ცდილობს.
„თავდასხმებს მათ ენერგეტიკაზე უნდა ვუპასუხოთ - პირველ რიგში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა ობიექტებზე, რომლებიც მათ ამ ომის დაფინანსებისთვის ფულს აძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის მსგავსად თავდასხმას არ აპირებს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების სურვილის ნიშნებს ვერ ხედავს. პარალელურად, მისი განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევის ფარგლებში დონბასში დაახლოებით 140 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს.
