უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის განახლება და დააანონსა ცვლილებები სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობაშიც.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ცვლის თავის პოლიტიკურ სტრატეგიას, კერძოდ, თითოეულ პრიორიტეტულ საგარეოპოლიტიკურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული პირი, რომელსაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.
ზელენსკიმ ძირითად მიმართულებები დაასახელა:
"ამ სფეროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მოიცავს:
შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ჩვენს შეთანხმებებს Patriot-ის სისტემების წარმოების ლიცენზიების შესახებ, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ორმხრივ თანამშრომლობას, რაც უნდა გამოიხატოს ორი ქვეყნისა და უკრაინული და ამერიკული კომპანიებისთვის მკაფიო სარგებელში;
ევროპულ ანტიბალისტიკურ პროექტს, რომელიც შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის გასაძლიერებლად ამ ათწლეულში;
ევროკავშირს, სადაც ჩვენ გვჭირდება მკაფიო პროგრესი უკრაინის წევრობისკენ და უფრო ღრმა კავშირები;
უკრაინას მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი საფუძველი სჭირდება, განსაკუთრებით პოლონეთთან და უნგრეთთან;
ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონს, როგორც უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გლობალურ სივრცეს; ჩინეთს და ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ გადაწყვეტილებებზე და შეუძლიათ მეტი გააკეთონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
არსებობს ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები. უკრაინის ფრონტის ხაზსა და სასაზღვრო რეგიონებში, რომლებიც ყოველდღიურად რუსეთის თავდასხმის ქვეშ არიან, ყველა სამუშაო მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. მე ველოდები ჩვენი არმიისთვის საჭირო იარაღის მარაგის ზრდას, მათ შორის ყველა ტიპის დრონის. ზამთრისთვის მზადება უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და უკრაინა მზად უნდა იყოს ყველა შესაძლო საფრთხისთვის.
დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებშიც", - დაწერა ზელენსკიმ.
