უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს "სამხედრო ტყვეთა გაცვლის აუზის შევსებას" და რუსეთის ტერიტორიაზე ომის გაძლიერებას.
"სირსკისთან ერთად განვიხილეთ ჩვენი შეტევითი ოპერაციებისა და მოქმედებების დეტალები კურსკის ოლქში. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სამხედრო ტყვეთა გაცვლის აუზის შევსებას და ომის რუსეთში გადატანას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რუსებმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მეტი იერიში პოკროვსკის ფრონტზე განახორციელეს. მისი თქმით, ვითარება რთულია კრამატორსკის, ტორეცკის და კუპიანსკის მიმართულებითაც.
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე მეტი ზიანი მივაყენოთ საოკუპაციო ძალებს და მოვიგერიოთ ყოველი რუსული თავდასხმა", - თქვა მან.