უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ვლადიმირ პუტინთან სამმხრივ მოლაპარაკებები გამართონ.
ზელენსკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამერიკულმა მხარემ ინიციატივა "ინტერესით მიიღო". ჯერჯერობით უცნობია რუსეთი პოზიცია.
ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან რუსეთს ჯარი ჰყავს მობილიზებული. რუსეთი მოითხოვს, რომ NATO-მ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გააუქმოს და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე უარი თქვას. ამას მოსკოვი "უსაფრთხოების გარანტიებს" უწოდებს.
საზღვარზე ვითარების ესკალაციის ფონზე აშშ-ს არაერთხელ მიუმართავს რუსეთისთვის და გაუფრთხილებია, რომ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში მკაცრ ზომებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ ცნობა მიიღო, რომ რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რათა შეჭრისთვის საბაბი შექმნას. ეს ინფორმაცია CNN-ს აშშ-ს მაღალჩინოსანმა მიაწოდა.
მისივე ცნობით, აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ პირები, რომლებმაც ოპერაცია უნდა ჩაატარონ, ქალაქის საბრძოლო მოქმედებებში არიან გაწვრთნილები და რუსეთის მიერ მართული ძალების წინააღმდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას გეგმავენ.