logo
ENG



ზელენსკი ევროპარლამენტს: დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ და არ მიგვატოვებთ

01 მარ 202216:12
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს ევროპარლამენტს უკრაინასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო სესიაზე მიმართა. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა უკრაინელი ხალხი გადარჩენის გარდა იმისთვისაც იბრძვის, რომ ევროპის თანასწორუფლებიანი წევრი გახდეს. 

მისი თქმით ევროკავშირი უკრაინის მიღების შემდეგ უფრო ძლიერი იქნება, უკრაინა ევროკავშირის გარეშე კი მარტო დარჩება. ამიტომ მან ევროპარლამენტს მოუწოდა ქვეყნის ევროკავშირში მიღებით დაამტკიცონ, რომ უკრაინის გვერდით არიან. 

"ჩვენი ხალხს დიდი მოტივაცია აქვს. ჩვენ ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის ვიბრძვით. ახლა ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ეს უდიდესი მოტივაციაა, მაგრამ ჩვენ ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროპის თანასწორი წევრი ვიყოთ.

მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველას ვაჩვენებთ ზუსტად იმას, ვინც ვართ. ევროკავშირი იქნება ბევრად ძლიერი ჩვენთან ერთად. თქვენს გარეშე კი უკრაინა მარტო დარჩება.

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ძალა. ჩვენ მინიმუმ ის დავამტკიცეთ, რომ ჩვენ იგივე ვართ ვინც თქვენ. ამიტომ ახლა თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ და არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ. ამის შემდეგ კი სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე სიბნელეზე.

დიდება უკრაინას." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.  

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისიის ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩენცოვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი წევრობის განაცხადი ევროკავშირის წარმომადგენლობას 1-ლ მარტს გადასცა. მისი თქმით, აპლიკაცია დარეგისტრირებულია და პროცესი დაიწყო.


close დახურვა