უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატზე, რომელსაც ომის დროს მალდივებზე დასვენების გამო რადამ უფლებამოსილება შეუჩერა, თქვა, რომ "თუ ვინმეს სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან."
ამის შესახებ ზელენსკიმ დღის ბოლოს ოდესაში, ოკუპანტების მიერ დაზიანებულ ფერისცვალების ტაძარში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"დღეს უკრაინის ვერხოვნა რადას ერთით ნაკლები დეპუტატი ჰყავს. ეს სამართლიანია. და ვფიქრობ, ასევე სამართლიანია ახლა იმის თქმა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის, ნებისმიერი დეპუტატის განზრახვა საზღვარგარეთ წასვლის შესახებ უნდა შემოწმდეს. მეორე, თუ ვინმეს მართლა სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფო ასევე დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ პარტია ხალხის მსახურის დეპუტატ იური არისტოვს, რომელიც ომის დროს მალდივებზე ატარებდა შვებულებას, უფლებამოსილება შეუწყვიტა.
როგორც რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თქვა, არისტოვისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
გამოძიების თანახმად, დეპუტატი სამდღიანი მივლინებით გაემგზავრა პოლონეთში, ხოლო მოგვიანებით ავადმყოფობა მოიმიზეზა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდში იმყოფებოდა დეპუტატი მალდივებზე, სადაც ოჯახთან ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა.