ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერესს აზოვსტალიდან დაჭრილების გამოყვანაში დახმარება სთხოვა.
უკრაინის პრეზიდენტი გუტიერესს ტელეფონით ესაუბრა.
"იქ დარჩენილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. გთხოვთ დახმარებას მათ გადარჩენაში". - უთხრა ზელენსკიმ გაეროს გენმდივანს.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა აზოვსტალიდან უკვე ევაკუირებული ადამიანების გადარჩენისთვის გაწეული ძალისხმევის გამო.
3 მაისს ქარხანა აზოვსტალიდან, რომელიც ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც ჯერაც აკონტროლებს უკრაინა, 112 ადამიანი გაიყვანეს. მას შემდეგ აზოვსტალიდან ევაკუაცია არ მომხდარა.
ამასთან, უკვე 2 დღეა, ქარხანაში რუსები შევიდნენ. აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ, რომელიც აზოვსტალის ქარხანაში იმყოფება, თქვა, რომ ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, 1-ლი მარტიდან კი ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. უკრაინული მხარე მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას აკონტროლებს. აქ რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი არმია იბრძვის. ქარხანა რუსებმა გაანადგურეს, თუმცა, მარიუპოლის მცველები 11 კილომეტრზე გაშლილ ბუნკერებს და გვირაბებს აფარებენ თავს. გვირაბებში არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზეა 500 დაჭრილი სამხედრო.