უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლიგარქების გავლენის შემზღუდველ კანონს ხელი მოაწერა.
კანონპროექტი თვითონ ზელენსკიმ ივნისში წარადგინა და დაჩქარებული წესით უმაღლესმა რადამ სექტემბერში მიიღო - მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენისთვის 1,3 ათასი შესწორება იყო წარდგენილი, ამასთან, არ არსებობდა ვენეციის კომისიის დასკვნა დოკუმენტის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის შესახებ.
მიღებული კანონი ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. თუ ვინ მიიჩნევა ოლიგარქად, ამას უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტს. რეესტრში შესაძლოა მოხვდნენ პირები, რომლებიც ოთხიდან სულ მცირე სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე, აკონტროლებენ ან მფლობენ მონოპოლიას, აქტივების ღირებულება ერთ მილიონ საარსებო მინიმუმს აღემატება.
კანონის თანახმად, ოლიგარქებმა შემოსავლებზე ყოველწლიური დეკლარაცია უნდა შეავსონ. მათ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება და არჩევნების დროს კანდიდატების საარჩევნო ფონდში თანხის შეტანა, თუ ეს მათი პირადიკ საარჩევნო ფონდი არაა. ეზღუდებათ ნებისმიერი პოლიტიკური აგიტაციის თუ მიტინგის დაფინანსება, ასევე, მსხვილი ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობა. ამასთან, რეესტრში მყოფ პირთან კონტაქტის შემთხვევაში მაღალჩინოსნები ვალდებულნი არიან კომუნიკაციის შესახებ დეკლარაცია წარადგინონ.