logo
ENG



ზელენსკიმ რუსეთის დასასჯელად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა

22 სექ 202202:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/22/bcm1tmg73sdn8y4.jpg

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებების 88 რაუნდი ჩაატარა ომის პრევენციის მიზნით, თუმცა, უშედეგოდ. 

"ჩემი პრეზიდენტობიდან 24 თებერვლამდე 88-ჯერ მქონდა რუსეთთან მოლაპარაკება. თუმცა, რუსეთმა, აგრესიის შეწყვეტის ნაცვლად სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. 

და ჩვენ არ გვქონდა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ თავი დაგვეცვა". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა გააგრძელებს თავისი ტერიტორიების გათავისუფლებას - უკრაინული ჯარები ახლა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის რეჟიმში არიან. 

"ჩვენ შეგვიძლია, დავაბრუნოთ უკრაინული დროშა მთელს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ჯარის გზით, მაგრამ დრო გვჭირდება". - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ სცადა ომის მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულება, მაგრამ, მისივე თქმით, "ეს სიცოცხლისთვის ომია". 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანას სჭირდება სამხედრო დახმარება იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს.

"როგორ შეუძლია, რუსული არმია დავუშვათ სადმე უკრაინის მიწაზე, როცა ვიცით, რომ ისინი ყველგან მასობრივ მკვლელობებს აწყობენ? არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლე, მსოფლიომ უნდა დაიცვას სიცოცხლე". - განაცხადა ზელენსკიმ.  

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის დასასჯელად სპეციალური ტრიბუნალის შექმნაც მოითხოვა. 

"ეს გახდება სიგნალი მსოფლიოში აგრესიის ყველა მსურველისთვის, რომ მათ უნდა დააფასონ მშვიდობა ან მსოფლიო პასუხს აგებინებს".

მან ასევე მოითხოვა რუსეთისთვის გაეროში ვეტოს უფლების ჩამორთმევა. 

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთია.

„სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების მხარეა, თქვენ მისგან უნდა იზოლირდეთ, აგრესიის შეჩერებამდე მაინც". - მოუწოდა მან გაეროს. 


close დახურვა