უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 28 დეკემბერს, კვირას, ფლორიდაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. მისივე თქმით, ტრამპთან, უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.
"ჩვენ ფართო დღის წესრიგი გვაქვს, შეხვედრა შაბათ-კვირას შედგება, ვფიქრობ, სწორედ კვირას [28 დეკემბერს] ფლორიდაში. გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა. სწორედ ამ დოკუმენტებს განვიხილავთ, როგორც ვთქვი, უსაფრთხოების გარანტიებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, 20-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლები მუშაობდნენ, "90%-ით დასრულებულია".
როგორც მან აღნიშნა, შემდეგი ეკონომიკური შეთანხმება იქნება, რომლის ძირითადი მონახაზები არსებობს.
24 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა განახლებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამჟამად აშშ-სთან განიხილება.
განახლებული პროექტი შეიცავს თავდაპირველი 28 პუნქტის ზოგიერთ ვარიაციას – მაგალითად, მშვიდობიან პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვას.
გეგმის პუნქტები:
-
უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.
-
თავდაუსხმელობის შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის; მონიტორინგი შეხების ხაზზე.
-
უსაფრთხოების გარანტიები.
-
მშვიდობიან პერიოდში უკრაინის სამხედრო პერსონალის ზედა ზღვარის 800 000-ით განსაზღვრა.
-
აშშ, ნატო და ევროპა უკრაინას მიაწვდიან უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) საფუძველზე; რუსეთის ახალ შეჭრას მოჰყვება სამხედრო პასუხი და განახლებული სანქციები.
-
რუსეთი ყველა საჭირო კანონში განამტკიცებს თავდაუსხმელობის პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ.
-
უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი გარკვეულ ეტაპზე, გაწევრიანების თარიღის დაფიქსირების გეგმით.
-
გლობალური განვითარების პაკეტი, რომელიც განისაზღვრება ცალკე საინვესტიციო შეთანხმებით.
-
რამდენიმე ფონდის შექმნა აღდგენის საკითხების გადასაჭრელად (მიზანი: 800 მილიარდი დოლარი).
-
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება უკრაინასა და აშშ-ს შორის.
-
უკრაინის არაბირთვული სტატუსი.
-
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური - გამომუშავებული ენერგია 50/50-ზე გაყოფა აშშ-სა და უკრაინას შორის, აშშ გადაწყვეტს, სად წავა ეს ენერგიის მისი წილი.
-
საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში სხვადასხვა კულტურის გაგებისა და ტოლერანტობის ხელშესაწყობად, ასევე რასიზმიისა და ცრურწმენების აღმოსაფხვრელად.
-
ტერიტორიები: ერთი ვარიანტით, რუსეთი გადის დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, სუმიდან და ხარკოვიდან, ხოლო უკრაინა ინარჩუნებს პოზიციებს დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში. რუსეთი ითხოვს უკრაინის გასვლას დონეცკიდან, ხოლო აშშ-ის წინადადების მიხედვით, ჩამოყალიბდება თავისუფალი ეკონომიკურ ზონას.
-
რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ შეთანხმებები ძალის გამოყენებით.
-
რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში.
-
პატიმრების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“, სამოქალაქო პირების, ბავშვებისა და პოლიტპატიმრების დაბრუნება.
-
უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მალევე უნდა ჩაატაროს არჩევნები.
-
ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს სამშვიდობო საბჭო, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.
-
მას შემდეგ, რაც ყველა მხარე დაეთანხმება ამ შეთანხმებას, სრული ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
