logo
ENG



ზელენსკის თქმით, მას და ჯონსონს აქვთ ერთიანი ხედვა თუ როგორ მიაღწიოს უკრაინამ გამარჯვებას

18 ივნ 202200:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/18/12nf0pcg5mah8m5.jpg
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, ბრიტანეთის პრემიერთან ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ აქვთ საერთო ხედვა როგორ უნდა გაიმარჯვოს უკრაინამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ზელენსკის თქმით, მან ჯოონსონთან შეხვედრისას ისაუბრა უკრაინისთვის მძიმე იარაღისა და საჰაერო თავდაცვისთვის აღჭურვილობის მიღების აუცილებლობაზე.

„ჩვენ ფრონტის ხაზზე ახლანდელი სიტუაცია განვიხილეთ, ჩვენს აღმოსავლეთსა და ჩვენი ქვეყნის სამხრეთში. დეტალურად განვიხილეთ შესაძლებლობები თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსეთის ოკუპაციისგან. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმაზე, თუ როგორ მივიდეთ გამარჯვებამდე. ვინაიდან ესაა ის შედეგი, რაც უკრაინას სჭირდება - ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

კონკრეტულად, ჩვენ ვისაუბრეთ მძიმე იარაღის გაზრდილი რაოდენობით მოწოდების აუცილებლობაზე. მთავარი რამ დღეს უკრაინისთვის ასევე საჰაერო თავდაცვის მიწოდებაა. ჩვენ დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. რუსული რაკეტები კვლავ რჩება საფრთხედ ჩვენი ხალხისთვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რუსული რაკეტების დიდი ნაწილი რუსეთის არმია ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - სახლების, სკოლების, საავადმყოფოების, უნივერსიტეტების, ტრანსპორტის წინააღმდეგ იყენებენ“ - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ჯონსონთან ერთად ასევე განიხილა უკრაინისადმი ეკონომიკური და ფინანსური დახმარების გზებიც.

„ეს არაა მხოლოდ ფინანსები. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი გადამამუშავებელი ქარხნების, ჩვენი რეზერვების დაბომბვის გამო საწვავის ნაკლებობაც გვაქვს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რთულ საკითხზე - როგორ მოვემზადოთ ცხელი სეზონისთვის. მე ბორისის მადლიერი ვარ მისი მზაობისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ლიდერებმა რუსეთის ფედერაციაზე სანქციების წნეხის გაზრდაზეც ისაუბრეს.

„ჩვენ შეგვიძლია ისეთი სანქციები დავაწესოთ, რომ რუსეთმა იგრძნოს, რომ მისი აგრესია, მისი ტერორისტული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და მსოფლიოს სტაბილურობის წინააღმდეგ რუსეთისთვის დანაკარგების მომტანი იქნება. აგრესორმა უნდა გადაიხადოს უმაღლესი ფასი ამ აგრესიისთვის, ამ ომისთვის“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა