logo
ENG



ზელენსკისა და ორბანს შორის არგენტინის სენატში მოკლე საუბარი შედგა

10 დეკ 202321:18
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტისას უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრა არაოფიციალური იყო და რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს არგენტინის სენატში, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს გაესაუბრა, თუმცა დიალოგის შინაარსი ამ დრომდე უცნობია. ოფიციალური კომენტარი ზელენსკის ადმინისტრაციას ჯერ არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ზელენსკი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელაპარაკა, რომელიც თავის მხრივ ვიქტორ ორბანს პარასკევს, 8 დეკემბერს მასპინძლობდა.

ოფიციალურ კიევს არაერთხელ მიუმართავს ორბანის ადმინისტრაციისთვის ორი ლიდერის შეხვედრის გამართვის თხოვნით, თავად ზელენსკიმ თებერვალში, ბრიუსელში ვიზიტისას დაპატიჟა ორბანი კიევში, თუმცა უშედეგოდ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვიქტორ ორბანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობას მხარს არ დაუჭერს, ხოლო ომის დაწყებიდან რამდენჯერმე თქვა, რომ უკრაინის გამარჯვების არ სჯერა.


close დახურვა