logo
ENG



ზელიმხან ხანგოშვილის ცოლის განცხადებით, ვადიმ კრასიკოვის გაცვლის წინააღმდეგია

12 მარ 202415:19
3 წუთის საკითხავი
clock 374
2024/03/12/ja4jwt5ymoqh9wv.jpg

საქართველოს მოკლული მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ცოლი, მანანა ციატიევა გამოცემა Kavkaz.Realii-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი, თავის ისეთ მსხვერპლებს, როგორიც ზელიმხან ხანგოშვილია "თავს არ ანებებს".

ინტერვიუში მან ისაუბრა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გაცვლა ხანგოშვილის მკვლელ, ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ.

იგი აცხადებს, რომ წინააღმდეგია კრასიკოვის გაცვლისა და ამავდროულად, ადასტურებს თავის პატივისცემას ნავალნისადმი. მისი თქმით, კრემლი ნავალნის მაინც მოკლავდა, რადგან იგი "დიდი ხანია შავ სიაში იყო."

"წინააღმდეგი ვარ, კრასიკოვი ვინმეზე გაცვალონ. პატივს ვცემდი ნავალნის და მის პოზიციებს ცხოვრებაში. არ აძლევდა საკუთარ თავს სისტემის ქვეშ მოქცევის უფლებას და სიცოცხლის ბოლომდე იცავდა თავის თვალსაზრისს. მაგრამ გაცვლა რომც მომხდარიყო, რუსული პოლიტიკა თვალთმაქცურია - ისინი მიზანს არ დაკარგავდნენ. სიცოცხლის საშუალებას მაინც არ მისცემდნენ, რადგან ნავალნი დიდი ხანია შავ სიაშია. რუსეთი არ ათავისუფლებს თავის მსხვერპლს", - თქვა მანანა ციატიევამ.

ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლემ ინტერვიუში საქართველოს დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა. კერძოდ, მათ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც 2015 წელს შესაბამისმა უწყებებმა არ გამოიძიეს ხანგოშვილის მკვლელობის პირველი მცდელობა და გარდა ამისა, მისი თქმით, მკვლელობის მორიგი მცდელობაც იგეგმებოდა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ წასვლა მას შემდეგ, რაც საქართველომ 2015 წელს არ გამოიძია მისი მკვლელობის პირველი მცდელობა. ზელიმხანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და რეაბილიტაციის შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რადგან გააფრთხილეს, რომ მორიგი მკვლელობის მცდელობა იგეგმებოდა.

საქართველო მოგვიანებით, 2016 წლის ზაფხულში დავტოვე, რადგან შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ: ჩემს ყველა ტელეფონს უსმენდნენ. შემდეგ თავშესაფარი ჯერ პოლონეთში ვითხოვე, მერე კი, როცა ზელიმხანმა გერმანიაში ჩასვლა მოახერხა, მე და ჩემი შვილები აქ გადმოვედით, რადგან პოლონეთი, ჩემი გაგებით, ნაკლებად უსაფრთხო ქვეყანა იყო: რუსებს მოქმედება უფრო თავისუფლად შეეძლოთ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გერმანია ჩვენთვის უფრო უსაფრთხო უნდა ყოფილიყო", - თქვა მან.


close დახურვა