საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ზესტაფონში 30 წლის კაცის განზრახ მკვლელობის საქმეზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის და ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.