პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატი, ევროპელი სოციალისტების წევრი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.
როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, ეცდება, მმართველი გუნდის დეპუტატებიც დაარწმუნოს იმაში, რომ მანდატების გაუქმება დემოკრატიული არ იქნება.
"მთელი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი არის წინააღმდეგი ამის [ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის], ჩვენ ხმას მივცემთ ამის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, თუ მათთვის მანდატის გაუქმება უნდათ, ჩახსნიან, მაგრამ ჩვენ დავასაბუთებთ, რატომ არ უნდა მისცენ ხმა. მე არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების გარკვეული რაოდენობა ამაში დავარწმუნო და გადმოვიყვანო ჩვენ მხარეს.
ეს გადაწყვეტილება არ იქნება დემოკრატიული, ხალხმა აირჩია ისინი, მერე რა, რომ რაღაც მიზეზით თავად ამბობენ, პარლამენტში არ შევდივარო. მათგან ეს დესტრუქციული ქმედებაა. ხვალ შეიძლება, სანანებელი გაუხდეთ, დაარწმუნონ ჩვენმა მეგობრებმა - ამერიკელმა, ევროკავშირმა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და უკვე გვიანი იქნება. მომხრე ვართ საკითხის ჩაგდების, მე ამ შანსს ჩემს კოლეგებს [ოპოზიციას] დავუტოვებ", – განაცხადა ზილფიმიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა ხვალიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ, 25 იანვარს განაცხადა, რომ ბოლომდე გამოიყენებენ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოიწუროს და ოპოზიციას საშუალება ჰქონდეს, თავის გადაწყვეტილებას გადახედოს.
დღეს, 26 იანვარს, 9 ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ქართულ ოცნებას მოუწოდეს, მოლაპარაკების მაგიდას დროულად დაუბრუნდნენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს".