logo
ENG



ზოგი საბარგულითაც იპარება - პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შეძახილების ფონზე შევიდა

12 დეკ 201909:01
3 წუთის საკითხავი
 
vsugp2ec0qm6ocl.jpg

მიუხედავად პარლამენტის შენობის პიკეტირებისა და ადგილზე მიმდინარე აქციისა, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა მაინც შეძლო. ერთ-ერთი დეპუტატი შენობაში ცოტა ხნის წინ სვეტინისა და შეძახილების ფონზე შევიდა. ამასთან, უცნობია, თუ რომელ დეპუტატზეა კონკრეტულად საუბარი. "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დეპუტატები შენობაში შესასვლელად დაბურულ და შეცვლილ ავტომობილებს იყენებენ. მისივე თქმით, რამდენიმე დეპუტატი შენობაში დილის 06:00 საათზე, აქტივისტების შეკრებვამდე მივიდნენ. 

"ერთი დეპუტატი შევიდა. არ ვიცი ვინ იყო მანქანაში. გვაქვს კონკრეტული გეგმა. მთავარია საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ დეპუტატებს სჭირდებათ შეპარვა, რომ იმუშავონ. კანონს არღვევენ. მედიასაც კი არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. ტროტუარზე გადავალთ და უწყვეტ ჯაჭვს გავაკეთებთ. ხალხი ყველა მხრიდან არის მობილიზებული. ვცდილობთ გამოვიცნოთ ის დეპუტატები, რომლებიც გადაადგილდებიან ძველი, დამტვრეული ან დაბურული ავტომობილებით. როგორც მითხრეს, ზოგი დეპუტატი საბარგულითაც იპარება. ზოგი კი დილის 06:00 საათზე შეიპარა პარლამენტში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ერთ-ერთი სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მოქალაქეებსა და პოლიციას შორის მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რის უფლებაც, მათ პოლიციამ არ მისცა. ადგილზე რამდენიმე პირი პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

 

 

 


close დახურვა