ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე, რომელიც ამავდროულად, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრებს ესწრება, სოციალურ ქსელში წერს, რომ მომდევნო სამი დღე ვირუსის მატების ტემპი მნიშვნელოვანია.
„ვნახოთ ჯერ შემდეგი სამი დღე როგორი იქნება ახალი შემთხვევების მატების ტემპი. თუ მოვინდომებთ ყველა, კეთილსაიმედო სცენარი ჯერ არ გამორიცხულა“, - წერს ზოიძე.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.