logo
ENG



ზუგდიდის მერია ტვ იმედის ღამის შოუს გასართობი ღონისძიებისთვის 19 ათას ლარს გადაუხდის

31 ივლ 202113:50
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/31/fg38hljz9ba6ms5.jpg

ზუგდიდის მერია ტვ იმედის ღამის შოუს გასართობი ღონისძიებისთვის 19 ათას ლარს გადაუხდის. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდის მიხედვით, შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდა. 

შესყიდვის აღწერის მიხედვით: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალურ-იუმორისტული გასართობი ღონისძიების ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ შემოქმედებითი ჯგუფი, გიორგი გაბუნია, ჯიმი აბესაძე და ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის.

ასევე, შესყიდვის პირობაში წერია, რომ "მათ გარდა არ არსებობს სხვა პირი, რომელებიც შეძლებენ აღნიშნული მომსახურების გაწევას". 

გამომდინარე იქიდან, რომ ა(ა)იპ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია - საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციიდან (გერა)“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციიდან წარმოდგენილი ცნობების თანახმად, გიორგი გაბუნია, როგორც შოუმენი, ჯიმი აბესაძე, როგორც შოუმენი და გელა გნოლიძე ღამის შოუს ხელმძღვანელი გაწევრიანებულია ასოციაციაში, როგორც ავტორი და შემსრულებელი. გარდა ამისა, შპს „მედია პროდაქშენი“, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე“ ამზადებს სატელევიზიო პროექტს „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“, წერილობით ადასტურებს „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ღონისძიებაში მონაწილეთა უფლებამოსილებას (გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით) განახორციელონ მუსიკალურ-იუმორისტული ჟანრის კონცერტი ზუგდიდში. შესაბამისად, მათ გარდა არ არსებობს სხვა პირი, რომელებიც შეძლებენ აღნიშნული მომსახურების გაწევას.

გამოცემულია ზუგდიდის მერის შესაბამისი ბრძანებაც.


close დახურვა